ენდოსკოპია/გასტროენტეროლოგია

გასტროენტეროლოგიური პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. ამ მიზეზების დადგენის და შემდეგ მკურნალობისთვის აუცილებელია პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია და მასთან შეთანხმებული შესაბამისი კვლევების ჩატარება. ჩვენს კლინიკაში  მაღალკვალიფიციური კონსულტაცია შეგიძლიათ ჩაიტაროთ გასტროენტეროლოგ - ინფექციონისტთან ქალბატონ თამარ გეგეშიძესთან და თერაპევტთან გიორგი გვილიასთან.

ექიმი გასტროენტეროლოგი ახდენს იმ პრობლემების დიაგნოსტიკას და მკურნალობას, დაკავშირებულს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან, რომელიც შეიცავს საყლაპავის მილს, კუჭს, ნაწლავებს, ღვიძლს და პანკრეასს. იგი იკვლევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანატომიურ თავისებურებებს, ატარებს დიაგნოსტიკას შესაძლო პათოლოგიების აღმოსაჩენად და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ადგენს მისი გაჩენის მიზეზებს და ნიშნავს მკურნალობას. 

შინაგანი ორგანოების სისტემებიდან საჭმლის მომნელებელი სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამავე დროს სუსტია. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები ან დარღვევები ძალიან ხშირია, თუმცა პაციენტები ძალზედ ხშირად არ აქცევენ მათ სათანადო ყურადღებას. მაგრამ ეს დაავადებები ან დარღვევები ყოველთვის დიდ ზეგავლენას ახდენენ მთელ ორგანიზმზე, და პირველყოვლისა ეს ზეგავლენა აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

პროფილაქტიკის მიზნით წელიწარში ერთხელ საჭიროა გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია. ეს საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ დაავადების განვითარება და ნეგატიური სიმტომების გაჩენა.

აუცილებელია მიმართოთ გასტროენტეროლოგს, თუ კი გაწუხებთ: ტკივილი კუჭისა და ნაწლავების არეში, დიარეა, შეკრულობა, გაუვალობა, სიმძიმის შეგრძნება და გულძმარვა საკვების მიღების შემდეგ, შებერილობა და დისკომფორტი, ბოყინი, უმადობა, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან.

გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია შედგება პაციენტის გამოკითხვისგან, გასინჯვისგან და დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების ჩატარებისგან. ექიმი აზუსტებს ძირითად ჩივილებს,

პაციენტის გამოკითხვისას ზუსტდება ძირითადი ჩივილები, მათი სიმპტომები, ადრე გადატანილი დაავადებები და მათზე გენეტიკური წინასწარგანწყობა. ზოგიერთი ჩივილის გაჩენის მიზეზი შესაძლოა იყოს არასწორი კვება, ნიკოტინის და ალკოჰოლის მოხმარება, სტრესები და ასევე ზოგიერთი სამკურნლო პრეპარატის მიღება. გამოკითხვის შემდგომ ექიმი სინჯავს პაციენტის მუცლის არეს პალპაციის მეთოდით, რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს ტკივილის ზუსტი ადგილმდებარეობა, რისი მეშვეობითაც მიღებული იქნას ინფორმაცია დაავადების ლოკალიზაციის, შესაძლო პათოლოგიის არსებობის და მისი გართულების ხარისხის შესახებ. გასინჯვის შემდეგ დიაგნოზის დაზუსტების მიზნით შესაძლოა დაინიშნოს დამატებით გამოკვლევები.

საერთო კლინიკური სურათის დაზუსტების მიზნით ჩვენს კლინიკაში ტარდება  ულტრაბგერითი კვლევები, ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი და ასევე ენდოსკოპიური კვლევები.

ასევე ჩვენს კლინიკაში დაინერგა კვლევის ახალი მეთოდი -  ჰელიკობაკტერის რესპირატორული ტესტირება, რომელიც გამოიყენებენ გასტროენტეროლოგები. კვლევის ეს მეთოდი ნაჩვენებია ყველა იმ პაციენტისთვის ვისაც აწუხებს ტკივილი და დისკომფორტი კუჭის არეში. ვინაიდან ჰელიკობაკტერ პილორის ინფექცია ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მრავალი დაავადების განვითარებას, მისი დროული გამოვლენა და აღმოფხვრა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობისთვის საზიანო სერიოზული დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებების ჩათვლით.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ერთ-ერთი კვლევის მეთოდი , რომელიც ეხმარება გასტროენტეროლოგს დაავადების დაზუსტებაში, არის ენდოსკოპია.

ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დიაგნოსტიკის ყველაზე ზუსტი და ინფორმატიული მეთოდია. ხშირად კვლევის ეს მეთოდი არა მხოლოდ გვეხმარება აღმოვაჩინოთ დაავადებები ადრეულ სტადიაზე, არამედ წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“.

ეს მეთოდი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ვიზუალური დათვალიერების საშუალებას იძლევა სპეციალური მოწყობილობით - ენდოსკოპის მეშვეობით.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევა ყტუილად არ ითვლება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებათა დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“. გამოკვლევის ამ მეთოდის წყოლობით ექიმს შეუძლია ყურადღებით დაათვალიეროს და შეისწავლოს ლორწოვანის თითოეული მონაკვეთი, რაც საშუალებას იძლევა მცირე გადახრებიც კი იქნას აღმოჩენილი. არც ერთ სხვა კვლევის მეთოდს არ შეუძლია იყოს ასეთი ინფორმატიული და ზუსტი.

ენდოსკოპია იყოფა ორ ტიპად, რომლებიც შეისწავლიან საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილს:

1 - კუჭ-ნაწლავის ზემო ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევა (გასტროდუოდენოსკოპია), რომელსაც მიეკუთვნება საყლაპავი, კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი

2 - კუჭ-ნაწლავის ქვემო ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევა (კოლონოსკოპია), რომელსაც მიეკუთვნება მთლიანად მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა.

გასტროდუოდენოსკოპია ინიშნება, თუკი პაციენტი უჩივის: კუჭის არეში ხშირი ტკივილები, გულძმარვა, გულისრევა, პირღებინება, სიმწარის შეგრძნება პირის ღრუში, ყლაპვის გაძნელება, გაურკვეველი მიზეზით წონის კარგვა.

გასტროდუოდენოსკოპიური გამოკვლევა ხელს უწყობს საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მცირე პათოლოგიების გამოვლენასაც კი, რისი მეშვეობითაც ექიმებს შეუძლიათ აღმოაჩინონ მრავალი დარღვევა და დაავადება როგორებიცაა: გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, გასტრიტი, წყლული, პორტალური ჰიპერტენზია, კიბოსწინარე წარმონაქმნები, საყლაპავის ან კუჭის კიბო, პოლიპები.

ეს გამოკვლევა ხელს უწყობს არა მარტო დაავადების აღმოჩენას, არამედ გამოიყენება როგორც სამკურნალო პროცედურაც. გასტროდუოდენოსკოპიის დროს შესაძლებელია სისხლდენის შეჩერება ან ჩაჭედილი საჭმლის ნაწილის ამოღება. ასევე შესაძლებელია ბიოფსიის პროცედურის ჩატარება, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს გარჩევა კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნს შორის.

კუჭ-ნაწლავის ქვემო ტრაქტის ენდოსკოპიური გამოკვლევა (კოლონოსკოპია) იკვლევს მთელ მსხვილ ნაწლავს სწორი ნაწლავიდან დაწყებული წვრილ ნაწლავთან შეერთების ადგილამდე.

კოლონოსკოპიური კვლევა ინიშნება, თუკი პაციენტი უჩივის: ტკივილს მუცლის არეში, კუჭის მოქმედების რეგულარულ დარღვევას, ხანგრძლივი დიარეა ან შეკრულობა, სისხლი განავალში, გაურკვეველი მიზეზით წონის კარგვა, გენეტიკური წინასწარგანწყობა პოლიპების ან მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის მხრივ.

კოლონოსკოპიური კვლევა შეუცვლელი პროცედურაა ისეთი დაავადებების და პათოლოგიების აღმოსაჩენად, როგორებიცაა: კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, დივერტიკულიტი, პოლიპი და ასევე მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე. ასევე საუკეთესო ინსტრუმენტია კოლორექტალური კიბოს პროფილაქტიკისთვის.

გასტროდუოდენოსკოპია და კოლონოსკოპია ისეთი პროცედურებია, რომლის ჩასატარებლად პაციენტი საჭიროებს წინასწარ მომზადებას. წინასწარი მომზადების წესი ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ გამოითხოვოთ რეგისტრატურაში.

უკვე მრავალი წელია ჩვენს კლინიკაში გამოცდილი სპეციალისტი, ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი გოჩა ფირცხალაიშვილი მოღვაწეობს, რომელიც ატარებს გამოკვლევებს საყლაპავ მილზე, კუჭზე, თორმეტგოჯა და მსხვილ ნაწლავზე (გასტრო, დუოდენო და კოლონოსკოპია). ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია „PENTAX”-ის ფირმის საუკეთესო აპარატურით, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს პრაქტიკულად უმტკივნეულოდ, სწრაფად და სრულფასოვნად გამოვიკვლიოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტი.